ARMAZI არმაზი ARMAZI

Kaukasische Sprachen und Kulturen:
Grundlagen ihrer elektronischen Dokumentation
Alternative Ressourcen, Materialien, Anwendungen und zusätzliche Informationen

კავკასიური ენებისა და კულტურების ელექტრონული დოკუმენტირების საფუძვლები
ახალი რესურსები, მასალები და აპლიკაციები - ზოგადი ინფორმაციები

Fundamentals of an Electronic Documentation
of Caucasian Languages and Cultures
Alternative Ressources, Materials, Applications and Zipped Information




Georgische Akademie der Wissenschaften:
K.-Kekelidze-Handschrifteninstitut
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია:
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი
Georgian Academy of Sciences:
K. Kekelidze Institute of Manuscripts


Project:

Digitization of the Albanian palimpsest manuscripts from Mt. Sinai




ზაზა ალექსიძე


ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის


ბატონებო, დღევანდელი ჩემი გამოსვლა თქვენს წინაშე ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა, თუმცა მასში იქნება ცდაც აღმოჩენისათვის კავკასიოლოგიურ დისციპლინათა შესწავლაში თავისი ადგილის მიჩენისა.



ექსპედიციები სინას მთაზე


სინას მთაზე ხელნაწერთა ინსტიტუტმა მოაწყო უკვე სამი ექსპედიცია (1990, 1994 და 1995 წლის ნოემბერ-დეკემბერში) 1975 წელს შემთხვევით აღმოჩენილი ხელნაწერების შესასწავლად. პირველი ექსპედიციის დროს (ზ.ალექსიძე, მ.ქავთარია) აღწერილ იქნა 133 ხელნაწერი. ამათგანაც 15 გაქვავებული იყო და ჩვენ მხოლოდ ნომრების მიცემა შევძელით. ამასთან წამოსვლის წინ ვნახეთ დიდი რაოდენობით ფრაგმენტები, რომელთა გადათვალიერებაც კი ვერ მოვახერხეთ. ჩვენთვის მაშინვე ნათელი იყო, რომ კატალოგის გამოსაცემად მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე ჩასვლა იქნებოდა აუცილებელი.


მეორე და მესამე ექსპედიციები უკვე გაფართოებული შემადგენლობისა იყო: მეცნიერებთან ერთად მათში მონაწილეობდნენ რესტავრატორებიც: ზ.ალექსიძე, მ.ქავთარია, მ.შანიძე (III ექსპედიცია), ლ.ხევსურიანი, თ.მესხი, ლ.ქუთათელაძე, ნ.თარგამაძე, ი.იაკობაშვილი (II ექსპედიცია), დ.გოგაშვილი (II ექსპედიცია). ამჯერად უკვე ექსპედიციამ აღწერა 140 ხელნაწერი, დაახარისხა და მიკროფილმი დაამზადა 1600 ფრაგმენტისა. განსაკუთრებით ეფექტური იყო რესტავრატორთა მუშაობა, რომელთაც უდანაკარგოდ გახსნეს 15 გაქვავებული ხელნაწერი და პირველადი პროფილაქტიკური დამუშავება გაუკეთეს 77-ს.


როგორია საერთო შეფასება ახალი აღმოჩენისა? სამწუხაროდ, მან ყველაზე ნაკლები შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკური ბატალიებითა და სამოქალაქო ომით გადაღლილ საქართველოში, თუმცა იგი თავისი მნიშვნელობით დიდად აღემატება ყოველგვარ დღემდე მომხდარ მსგავს აღმოჩენას.


1. სინურ კოლექციაში დღეს უკვე ხელთა გვაქვს საერთო ჯამში 230-ზე მეტი ხელნაწერი და 1600 ფრაგმენტი, ამიტომ გაცილებით მეტი ვიცით სინას ქართული სამონასტრო კოლონიისა და მისი შემოქმედების შესახებ, ვიდრე აქამდე ვიცოდით. სინას ხელნაწერთა (ძველი და ახალი) დიდი უმრავლესობა X საუკუნისაა. როდესაც ვადარებთ აქვე დაცულ და აქ შექმნილ ხელნაწერებს (ძველსა და ახალს) სხვა ენებზე (ბერძნული, არაბული, სირიული და სხვა), ვხედავთ, რომ X საუკუნის მეორე ნახევარი სინას მთაზე უპირატესად ქართულია და მხოლოდ XI საუკუნიდან იწყება ბერძენთა და არაბთა დიდი აქტიობა. ამასვე მოწმობს ახალი კოლექციის ხელნაწერთა მინაწერები, რომლებიც ახალ და საინტერესო ცნობებს იძლევიან ქართველთა საამშენებლო საქმიანობის შესახებ სინას მთაზე. ეს არის ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა, გაკეთებული ახალი აღმოჩენების საფუძველზე.


2. სინას ქართულმა მასალამ, განსაკუთრებით ახალმა, შემოინახა საეკლესიო ღვთისმსახურების ის ეტაპი, რომელსაც იერუსალიმურს უწოდებენ. ეს არის X საუკუნემდე (ჩათვლით) ლიტურგიკული წიგნები (იადგარები, ლექციონარები, ჟამისწირვები, კალენდრები), რომლებიც დაკარგულია ყველა სხვა მწერლობაში, იმის გამო, რომ მეათე საუკუნიდან ხმარებაში შემოვიდა ლიტურგიკის ახალი წესი, რომელსაც კონსტანტინეპოლურს ან ბიზანტიურს უწოდებენ ხოლმე. სულ უკანასკნელ ხანებამდე ამ საფეხურის აღდგენას ცდილობლნენ სომხური მწერლობის საფუძველზე, რომელიც ადრე დასცილდა მართლმადიდებლურს და ამიტომ მას მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმები აღარ უნდა შეხებოდა. სინურმა ხელნაწერებმა, ჯერ კიდევ ძველმა და მას ემატება ახალიც, სრულიად შეცვალეს აქცენტები და საერთაშორისო ყურადღება ქართულზე გადმოიტანეს, როგორც ყველაზე ძველი საფეხურის მაჩვენებელზე.


3. სინას ახალმა კოლექციამ აჩვენა სინას მთის ქართული ძმობის მჭიდრო კონტაქტი სხვა ქართულ კულტურულ კერებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შესაძლო პირდაპირი კავშირი ათონის მთასთან და ათონელ მოღვაწეებთან, რაც დაადასტურა ათონზე შექმნილი ძეგლების აღმოჩენამ მათი შექმნიდან მოკლე ხნის მანძლზე.


4. ახალმა კოლექციამ შემოგვინახა ისეთი კრებულებიც, რომლებიც ამ სახით მხოლოდ ქართულად არსებობს და გვიჩვენა ახალი, დღემდე უცნობი ავტორებიც, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ სინელი წმიდა მამა სამუელ ქართველი.


5. ახალ კოლექციაში აღმოჩნდა პირველი ქართული საისტორიო ძეგლის "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ორი, დღემდე ცნობილთა შორის ყველაზე ძველი რედაქცია და"ასურელ მამათა ცხოვრების" არქეტიპები. სხვა რომ არაფერი აღმოჩენილიყო, მარტო ესეც კი შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ერთერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენ, საბედნიეროდ, ხელთა გვაქვს ამ ხელნაწერთა ფოტოპირები და მიმდინარეობს მათი ყოველმხრივი შესწავლა.


6. სრულიად უნიკალური აღმოჩნდა ახალი კოლექციის Sin-50-ში ჩართული ცნობები საქართველოს ერთერთი ყველაზე საინტერესო და ავთენტური წყაროებით ღარიბი VI-VIII საკუნეების შესახებ. ეს არის საქართველოს დიდი სამონასტრო ბიბლიოთეკებისა და საჭურჭლის აღწერილობანი, ქართველ მეფეთა, ერისმთავართა და მათი ოჯახის წევრთა ეპიტაფიები ზუსტი ქრონოლოგიური და გენეალოგიური მონაცემებით, და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, რამდენიმე საუკუნით ადრინდელი ცნობები, ვიდრე აქამდე ვიცოდით, ბაგრატიონთა და რუსთაველთა ვინაობის, წარმომავლობისა და ქრონოლოგიის შესახებ.


7. განსაკუთრებულ საერთაშორისო ინტერესს იწვევს ახალ კოლექციაში დიდი რაოდენობით აღმოჩენილი პალიმფსესტები. X ს-ის ხელნაწერთა ქვედა ტექსტები არის ქართული, ბერძნული, სირიული, ეთიოპური, კოპტური და, იშვიათ შემთხვევაში, სომხურიც. სამწუხაროდ, ექსპედიციებს არა ჰქონიათ პალიმფსესტების შესწავლის დრო და საშუალება. "შესაძლოა, ისინი გვიქადიან გაცილებით მეტ საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენებს, ვიდრე დღეს ამის წარმოდგენა შეგვიძლია. ამის დასტურია ორი ხელნაწერი, რომელთა ქვედა ტექსტი შესრულებულია კლასიკური ასომთავრულით, მაგრამ გაუგებარია, რა ენაზე. იგი ჰგავს ქართულსაც და სომხურსაც, მაგრამ არ არის არცერთი. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ დღეისათვის დაკარგული კავკასიის ალბანეთის დამწერლობა".


აღნიშნული ორი ხელნაწერის შესახებ ასეთი მოკლე ინფორმაცია მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს მე მივაწოდე დაახლოებით ერთი წლის წინ, ხელნაწერთა ინსტიტუტის მეორე ექსპედიციის ანგარიშის მოხსენებისას. ერთერთი ხელნაწერი, რომლის ქვედა ტექსტი უკეთ მოჩანს, ხანძრისგან ძლიერ დაზიანებული და გაქვავებული იყო. რესტავრატორებმა მისი გახსნა და პროფილაქტიკური დამუშავება მხოლოდ ექსპედიციის მიწურულში დაამთავრეს. ამიტომ, მაშინ მისი რამდენადმე სერიოზული შესწავლის საშუალება არ მომეცა. ჩემი ეჭვი, რომ ქვედა ტექსტი შეიძლება ალბანური იყოს მაშინ ექსპედიციის წევრებისთვისაც კი არ გამიმჟღავნებია. იმდენად ხშირად ცდებოდნენ მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე ალბანური ტექსტების იდენტიფიკაციისას, რომ არ მინდოდა გაუფრთხილებელი და სენსაციური განცხადება გამეკეთებინა. ასე ორი წლის განმავლობაში ვინახავდი ამ ძნელად შესანახ საიდუმლოს. როდესაც მესამე ექსპედიციაში გავემგზავრეთ სინას მთაზე, უკვე თან წავიღე შესადარებლად საჭირო მასალა. პალიმფსესტების ქვედა ტექსტის პირველმავე შეხედვამ და ჩამოტანილ მასალასთან შედარებამ ჩემთვის უმალ ცხადი გახადა, რომ საქმე გვაქვს კავკასიოლოგიისათვის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენასთან. ამის შემდეგ უკვე ექსპედიციის წევრები ჩემი მუშაობის ყველა ნიუანსის საქმის კურსში იყვნენ.


დღევანდელი ჩემი საინფორმაციო მოხსენება სწორედ ამ ხელნაწერებს შეეხება. დღეს უკვე სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინას მთაზე აღმოჩენილი ორი, პალიმფსესტის სახით მოღწეული ხელნაწერის ქვედა ტექსტი წარმოადგენს ძველი კავკასიის ალბანეთის მწერლობის ძეგლს ან ძეგლებს.


ორივე ხელნაწერის ზედა, ქართული, ტექსტი პალეოგრაფიულად X ს-ით თარიღდება და წარმოადგენს ანბანურ პატერიკს. ორივე ხელნაწერი ერთი ხელით არის დაწერილი და, როგორც ჩანს, ზომებით თავდაპირველად ერთი ზომისა უნდა ყოფილიყო. ერთი ხელით არის დაწერილი ქვედა ალბანური ტექსტიც. ამიტომ იყო, რომ ჩვენ კარგა ხანს ვიყოყმანეთ, ერთი ხელნაწერის ნაწილებად მიგვეჩნია ისინი, თუ სხვადასხვა ხელნაწერებად. ბოლოს, გარკვეული მოსაზრებების საფუძველზე, რომლებსაც დღევანდელი მოხსენებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, გადავწყვიტეთ სხვადასხვა ხელნაწერებად ჩაგვეთვალა.



კავკასიის ალბანეთი


ალბანეთი, ან როგორც მას უწოდებენ ბალკანეთის ალბანეთისაგან განსასხვავებლად, კავკასიის ალბანეთი, მდებარეობდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ძირითადად თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ალბანეთი ამ ქვეყანას ბერძნული წყაროების მიხედვით ეწოდება. სომხურ წყაროებში იგი ალუან-ქ (აღუან-ქ)-ად მოიხსენიება, ხოლო ქართულში გვხვდება რანი, ალუანი, და ჰერეთი. ამიტომ იყო, რომ ა.შანიძე ძველ ალბანელთა ენას ჰერულს უწოდებდა.


მთავარ პრობლემათა ჯგუფი ანტიკურ და ადრე შუასაკუნეების ალბანეთთან დაკავშირებით არის შემდეგი: როდის ჩამოყალიბდა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო, რა ტერიტორიას მოიცავდა იგი; როგორი იყო მასში ეთნიკური და კულტურული კონსოლიდაციის პროცესი; შექმნა თუ არა ალბანურმა მოსახლეობამ თავისი დამწერლობა და მწერლობა; თუ შექმნა, რა ენაზე, რამდენად განვითარდა იგი და რამდენ ხანს იარსება.


კავკასიოლოგიაში დასახელებული პრობლემატიკის შესახებ ძირითადად ორი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჩამოყალიბდა.



სომხური ალბანოლოგია


დაახლოებით ამ საკუნის 60-იან წლებამდე ალბანისტიკის პრობლემებს ძირითადად არმენოლოგები სწავლობდნენ და ეს გასაგებიც იყო. შუა საკუნეების წყაროები უმეტესად სომხურად იყო შემონახული, ხოლო აზერბაიჯანის არქეოლოგია ის-ის იყო იდგამდა ფეხს. ჩემი აზრით, ამ ხანებამდე სომეხ მეცნიერთა თვალსაზრისი ალბანოლოგიის ძირითადი პრობლემატიკის მიმართ საკმაოდ რაციონალური იყო, თუმცა საკამათო საკითხები და შინაგანი წინააღმდეგობები მასში მაინც რჩებოდა. ეს თვალსაზრისი ზოგადად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:



ალბანეთის ტერიტორიები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - არცახი (მთიანი ყარაბაღი) და უტიქი (ველის ყარაბაღი) ძვ. წ. II ს-დან დიდი სომხეთის შემადგენლობაშია. ამიტომ ამ დროიდან მოკიდებული ახ.წ. 387 წლამდე ალბანეთის სამეფოს უკავია მხოლოდ მტკვრის მარცხენა სანაპირო იორ-ალაზნის შუა წელიდან თანამედროვე აღ-სუმდე. ამ ხნის მანძილზე არცახის მოსახლეობა (IV-V სს-ისათვის) მთლიანად, ხოლო უტიქისა (VI ს-ისათვის) დიდ ნაწილად - გასომხდა. ამავე პერიოდში გაქართველდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს დასავლეთი ნაწილის ალბანური მოსახლეობა იორ-ალაზნის აუზში. ქრისტიანობა ალბანეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა IV ს-ის 70-იან წლებში (სამხრეთ დაღესტანში V ს-ის II ნახევარში). დვინის 551 წლის საეკლესიო კრებაზე ალბანეთი სომხეთთან ერთად გაემიჯნა ქალკედონიტობას (უფრო გავრცელებული აზრით, სომხეთი და ალბანეთი უკვე მონოფიზიტური იყო V ს-ის მეორე ნახევრიდან), ხოლო 552 წელს დაარსდა ალბანეთის საკათალიკოსო, იერარქიულად სომხეთის საპატრიარქოზე დამოკიდებული. VII ს-ის დასაწყისიდან ალბანეთის ეკლესია, ქართულთან ერთად, ქალკედონურ მრწამსზე გადავიდა, ხოლო VIII ს-ის დამდეგს, არაბთა ბატონობის დამყარების შედეგად, სამუდამოდ დაუბრუნდა მონოფიზიტობას. V ს-ის 10-იან წლებში მესროპ-მაშტოცმა შექმნა ალბანური ანბანი სივნიელი თარჯიმნის ბენიამინის დახმარებით. ერთიანი სალიტერატურო ენის ნორმად აღებულ იქნა გარგარული ენა, რომელზეც ლაპარაკობდა სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე (ფაიტაკარან-ბაილაკანი) მცხოვრები მოსახლეობა. მაგრამ მალე (V ს-ის II ნახევარი) სამეფოს ცენტრმა გადაინაცვლა უტიქში (დედაქალაქი პარტავი), რომლის სალაპარაკო ენა იყო უტიური (თანამედროვე უდიური). არაბი ისტორიკოსები ამ ენას უწოდებდნენ არანულს ანუ ალბანურს. ასე წინააღმდეგობაში აღმოჩნდა სალიტერატურო ენა და ქვეყნის ცენტრალური რეგიონის სამეტყველო ენა, რის გამოც იგი მალე გამოვიდა ხმარებიდან და სულ მცირე ხნით დარჩა საეკლესიო ენად. VIII ს-ის დასაწყისიდან ალბანეთის ეკლესია გახდა სომხურის ნაწილი და მთლიანად გადავიდა სომხურ ენაზე. ასე დამთავრდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის სრული არმენიზაციის პროცესი, და ასე აღიგავა სამუდამოდ პირისაგან მიწისა ალბანური მწერლობა. აბორიგენი მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელიც გადაურჩა გასომხებისა და გაქართველების პროცესს, არაბობის ხანაში მიიღო ისლამი, ხოლო შემდეგ შეერწყა მოსულ თურქული მოდგმის ტომებს, რის შედეგადაც მივიღეთ თანამედროვე აზერბაიჯანელი ხალხი.



ე.წ. `ახალი თვალსაზრისი'


60-იანი წლებიდან სომეხმა მეცნიერებმა დაამუშავეს ახალი თვალსაზრსი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ამ სახელითაც მოიხსენიება ხოლმე. "ახალი თვალსაზრისის" მიხედვით, ალბანეთის სამეფო ჩამოყალიბდა ძვ.წ. I ს-ის დასაწყისში. მისი საზღვარი სამხრეთით მხოლოდ მტკვრამდე ვრცელდებოდა. სტრაბონის მიხედვით, ალბანეთის მოსახლეობა შედგებოდა 26 ტომისგან. ახ.წ. III ს-მდე ალბანეთის სამეფოს ეთნიკური კონსოლიდაცია არ მომხდარა და თვითეული ტომი თავის ენაზე ლაპარაკობდა. 462 წელს გაუქმდა ალბანეთის სამეფო და შეიქმნა სასანიანთა სამარზპანო სახელწოდებით ალბანეთი. მასში შევიდა ყოფილი დიდი სომხეთის ორი პროვინცია - უტი-ქ-ი და არცახ-ი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (უტიქისა და არცახის ალბანეთისათვის მიერთებას 387 წლითაც ათარიღებენ, როდესაც სომხეთი შუაზე გაიყვეს ბიზანტიამ და ირანმა), აღნიშნულმა პროვინციებმა ამ დროიდან მიიღეს ქვეყნის სახელწოდებად ალბანეთი, რომელსაც ეთნონიმის მნიშვნელობა არასოდეს არ მიუღია და მხოლოდ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. თანდათან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სომხურმა პროვინციებმა ეს სახელწოდება იმდენად გაითავისეს, რომ მასში აღარც გულისხმობდნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ალბანელებს და თვლიდნენ, რომ ეს სახელწოდება მათ ჰქონდათ ოდითგანვე. ასევე თანდათან მათ (მტკვრის მარჯვენა მხარის სომხურ პროვინციებს) ჩამოუყალიბდათ ე.წ. "ალბანური მსოფლმხედველობა" და "ალბანური პატრიოტიზმი", თუმცა სომხური თვითშეგნება არასოდეს არ დაუკარგავთ. ვინაიდან ეს პროვინციები კულტურულ-ეკონომიური თვალსაზრისით მტკვრის მარცხენა მხარეს მცხოვრებ მკვიდრ ალბანელებზე მაღლა იდგნენ, მათ შექმნეს ახალი ალბანეთი. ისინი არ აღირივნენ არც ალბანელებში და არც სპარსელებში. პირიქით, სპარსელთა მიერ დადგენილი სპარსელ არშაკუნიანთა სამეფო დინასტია თვითონ გასომხდა, ან უფრო ზუსტად, ორენოვანი გახდა. ეკლესიისა და ქვეყნის ენა სომხური იყო (ისევე როგორც ქართლის). მაშტოცმა (მესროპმა) ალბანეთის სომხურ მოსახლეობას მოსახმარებლად გადასცა სომხური ანბანი (36 გრაფემა), ხოლო მკვიდრ ალბანელებს შეუქმნა ახალი დამწერლობა (52 გრაფემა). ამრიგად, როდესაც კორიუნი ლაპარაკობს ბარბაროსი ალბანების უხეში ენისთვის ანბანის შექმნის შესახებ, მას მხედველობაში აქვს მკვდრი ალბანები; ხოლო, როდესაც გვაუწყებს ალბანების მიერ ბიბლიის თარგმნის შესახებ (მოგვიანებით ჩვენ შევეხებით ამ ცნობებს), გულისხმობს ალბანეთის სომხურ ნაწილს. მკვიდრმა ალბანებმა (მტკვრის მარცხენა სანაპიროზე) თავისი მწერლობა ვერ შექმნეს და მალე გაითქვიფნენ სხვა ხალხებში. როდესაც შუასაუკუნეების წყაროები ლაპარაკობენ ალბანური მწერლობის შესახებ, ჩვენ ამ ცნობებში უნდა ამოვიკითხოთ არა მკვიდრი ალბანების, არამედ სომხური მწერლობა, შექმნილი უტიქის, არცახისა და გარდმანის სომხურ მოსახლეობის მიერ.


უფრო ზომიერი პოზიციის მქონე, მაგრამ მაინც "ახალ თვალსაზრისზე" მდგარი სომეხი მეცნიერები უშვებენ ალბანური მწერლობის არსებობას, მხოლოდ შედარებით მცირე ხნით (დაახლოებით V-VII სს-ის ფარგლებში), რომელმაც ვერ გასძლო, ვინაიდან ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ალბანური ეთნოსი და საერთო ალბანური სალიტერატურო ენა. ალბანურმა დამწერლობამ და მწერლობამ ვერ შეიძინა ფუნქცია, ვინაიდან ალბანეთის საეკლესიო და სახელმწიფო ენა იყო სომხური (ამ ზომიერი პოზიციის მქონეთა აზრითაც, VII ს-ის დამდეგს მომხდარ საეკლესიო განხეთქმლებამდე ქართლის ეკლესიის ოფიციალური ენაც აგრეთვე სომხური იყო, რასაც, მათი აზრით, მოწმობს მცხეთის ჯვარზე არსებული სომხური წარწერები).



აზერბაიჯანელ მეცნიერთა თვალსაზრისი


60-იანი წლებიდან იწყება ასპარეზზე გამოსვლა იმ აზერბაიჯანელი მეცნიერებისა, რომელთაც თავიანთ სპეციალობად გაიხადეს ალბანისტიკა. თუნდაც მხოლოდ ეს მომენტი უნდა დადებითად შეფასდეს კავკასიოლოგიის განვითარებაში, ვინაიდან აქამდე ყველა მეცნიერი ალბანისტიკის პრობლემტიკას იმდენად სწავლობდა, რამდენადაც ამას ითხოვდა მისი კვლევა-ძიების არეალი.


აზერბაიჯანელ მეცნიერთა პოზიცია რომ წარმოვიდგინოთ, სომეხ სპეციალისტთა თვალსაზრისი პოლარულად უნდა შევცვალოთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს იყო გადაჭარბებულად მგრძნობიარე რეაქცია ე.წ. "ახალ თვალსაზრისზე".


აზერბაიჯანელ მეცნიერთა შეხედულებით, ალბანეთის ტერიტორია არსებითად უცვლელია მთელი მისი არსებობის მანძილზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ჩათვლით და მასში შედის უტიქისა და არცახის გარდა სივნიეთიც. ზოგი მკვლევარის თვალსაზრისით უტიქი და არცახი მხოლოდ მცირე ხნით აქვს მიტაცებული სომხეთს და 387 წელს უბრუნდება ალბანეთს, ზოგის აზრით ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა; ალბანეთის მთელი ტერიტორია, თანამედროვე აზერბაიჯანის სადავო პროვინციის - ყარაბაღის ჩათვლით, დასახლებულია ეთნიკურად ერთი წარმომავლობის მოსახლეობით, რომელიც საუკუნეების მანძილზე იცვლის მხოლოდ ენას და სარწმუნოებას; V ს-ის დასაწყისში შეიქმნა ალბანური დამწერლობა, რომელსაც მოჰყვა მდიდარი თარგმნილი და ორიგინალური მწერლობა; VIII-X სს-ის მანძილზე არაბი დამპყრობლები და სომხური ეკლესია ანადგურებენ ალბანური მწერლობის ძეგლებს; განადგურებამდე სომხები ალბანეთის ისტორიის შესახებ თხზულებებს და საეკლესიო კანონებს თარგმნიან სომხურად, ამიტომ შემოგვენახა ისინი მხოლოდ სომხურ ენაზე; თანდათანობით ენა და მწერლობა ალბანეთის მონოფიზიტური ეკლესიისა, რომელიც სომხური ეკლესიის გავლენის ქვეშ იყო და, შედეგად, ალბანეთის სამეფოსიც, სომხური ხდება; X-XIII სს-ის ყველა სომხურენოვანი გამოჩენილი მოღვაწე, რომლებიც წარმოშობით ალბანეთის მტკვრის მარჯვენა მხრიდან იყვნენ (მხითარ გოში, კირაკოს განძაკელი და სხვ.) უნდა მივიჩნიოთ სომხურენოვან ალბანელ მწერლებად და საზოგადო მოღვაწეებად.


ცხადია, ასეთი პოლარული თვალსაზრისები მნიშვნელოვნად აფერხებს ალბანოლოგიის განვითარებას, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით ხელსაც უწყობს მის წინსვლას. ყველა უკიდურესობას თან მაინც ახლავს დადებითი მომენტებიც. პოლემიკის ჟინით შეპყრობილი მეცნიერები თავისი პოზიციის განსამტკიცებლად ისეთ დეტალებს ამჩნევენ და შემოაქვთ სამეცნიერო მიმოქცევაში, რომელთაც მხოლოდ დიდი შინაგანი დაძაბულობა და წინასწარ დასახული ამოცანაზე სასურველი პასუხის ძიება თუ შეგაძლებინებს. ამიტომ, არ შეიძლება არ ვაღიაროთ: მიუხედავად დიდი სუბიექტურობისა ორივე მხრიდან, ალბანოლოგია დღეს ის აღარ არის, რაც იყო მანამ, სანამ მის შესწავლასა და პოლემიკაში აქტიურად ჩაებმევოდნენ აზერბაიჯანელი მეცნიერები. ასე თანდათან გროვდება მასალა მომავალი ობიექტური მკვლევარისათვის. ალბანოლოგიის ძირითადი პრობლემების ობიექტურად შეფასების საკმაოდ წარმატებული ცდა ჰქონდა კიდეც ა. ნოვოსელცევს, მაგრამ ეს იყო ძველი მასალის ახალი იდეებით გადახედვა, რასაც მოპაექრეებზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, იმდენად იყვნენ ისინი ამ მასალას უკვე შეთვისებულნი და იმდენად ჰქონდათ ეს მასალა მათ თავისი იდეებისათვის შეგუებული.



ცნობები ალბანური მწერლობის შესახებ


რა ვიცოდით დღემდე ალბანური მწერლობის შესახებ? ალბანური დამწერლობისა და მწერლობის შესახებ ცნობები შემოგვინახეს მხოლოდ სომხურმა წყაროებმა. ამ თვალსაზრისით პირველ რიგში უნდა დასახელდეს წყაროთა ციკლი, მესროპ-მაშტოცის მოღვაწეობის შესახებ რომ იძლევიან ცნობებს. კორიუნის, მოსე ხორენელის, მოსე კალანკატუელის და სხვ. მიხედვით (განსხვავებებს ამჯერად ყურადღებას არ ვაქცევთ) მესროპ-მაშტოცმა V ს-ის დასაწყისში "შექმნა ანბანი გარგარელთა ხორხისმიერი, არაკეთილხმოვანი, ბარბაროსული და უხეში ენისათვის". მისივე დახმარებით ალბანურ ენაზე ითარგმნა წინასწარმეტყველთა წიგნები, სამოციქულო და სახარება.


ყველაზე უფრო ზუსტი დოკუმენტური ცნობა ალბანური დამწერლობისა და მწერლობის არსებობის შესახებ გვაქვს დვინის 506 წლის საერთო ამიერკავკასიის საეკლესიო კრების მასალებში. სომხეთის კათალიკოსის ბაბგენის წერილში სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანებისადმი ნათქვამია, რომ წერილი დაიწერა "ქართველებთან და ალბანელებთან თანხმობით, თვითეული ქვეყნის წიგნით".


VII ს-ის ალბანელი ისტორიკოსი მოსე კალანკატუელი, რომლის ნაწარმოებიც სომხურ ენაზე შემოგვენახა X ს-ის რედაქციით, ჩამოთვლის იმ ხალხებს, რომლებსაც მის დროს ჰქონდათ დამწერლობა და მათ შორის ასახელებს ალბანელებსაც.


შემდგომი ცნობა ალბანურ ენაზე წმიდა წერილების არსებობის შესახებ გვაქვს VIII ს-ის სომეხ ისტორიკოსთან - ღევონდთან. მასთან ჩამოთვლილია ის ენები, რომლებზეც არსებობს სახარება და მათ შორის მეთორმეტე ადგილზე დასახელებულია ალბანური.


ერევნის "მატენადარანისა" და ანკვირიის კარმირ-ვანქის ხუთმა ხელნაწერმა შემოინახა სომხური ტექსტი, რომელსაც სათაურად წამძღვარებული აქვს შემდეგი სიტყვები: "წმიდა და ღვთაებრივი მირონის შესახებ", რომელიც იპოვეს წმიდა მამებმა აღმოსავლეთში ალბანურ ენაზე და თარგმნეს სომხურად". მართალია ხელნაწერები გვიანია (XVII-XVIII სს.), მაგრამ არავითარი ეჭვი არ არის, რომ ტექსტი წარმომავლობით ძალზე ძველია.


სულ ეს არის, პირდაპირი წერილობითი ცნობები ალბანური დამწერლობისა და მწერლობის არსებობის შესახებ. ირიბ ცნობებზე არ შევჩერდები, მაგრამ მათი გვერდის ავლა, ცხადია, შეუძლებელია.


ირიბ ცნობათაგან ალბათ ღირს მოხსენიება, რომ სომხურმა და ქართულმა ხელნაწერებმა შემოინახეს ალბანური კალენდრის თვეთა სახელწოდებანი. ქართული ხელნაწერების მიხედვით, ესენია: ნავასართუნ, ტულენ, ნამუც, ცილე, ბაკაიონ, მარე, ავჭუკინე, ნაკულიონ, ბუნტოკე, ვორსილინ, იეხან, ხებნა. როგორც ქართულში, ისე განსაკუთრებით სომხურში ამ სახელებს მრავალი ვარიანტი აქვს. მათი შესწავლა ჯერ კიდევ მარი ბროსედან იწყება, ხოლო განსაკუთრებით შედეგიანი იყო ა.შანიძის გამოკვლევა. დღემდე ალბანური კალენდარი არის ერთერთი მთავარი საყრდენი ალბანური ენის უდიურთან დასაკავშირებლად. მე მგონია, რომ იგივე კალენდარი უნდა ჩაითვალოს დოკუმენტურ მოწმობად ალბანური მწერლობის არსებობისა. სხვაგვარად შეუძლებელია ალბანური ხალხური კალენდარი გვიან შუასაუკუნეებამდე შემოენახა კავკასიურ წერილობით ტრადიციას.



დოკუმენტები ალბანური დამწერლობისა და მწერლობის შესახებ


tab.1a XIX ს-ის 30-იანი წლებიდან მიმდინარეობს ძიება დაკარგული ალბანური მწერლობისა. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ გამოცხადდა სენსაციური ცნობა ალბანური ხელნაწერი ტექსტების ან ეპიგრაფიკული ძეგლების აღმოჩენის შესახებ (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც) და ყველა შემთხვევაში სენსაცია ნაადრევი აღმოჩნდა: ტექსტი შესრულებული იყო სომხური ან ბერძნული დამწერლობის მაშინ უცნობი სახეობით, ან წარმოადგენდა კრიპტოგრამას. როდესაც იმედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ილ. აბულაძემ ეჩმიაძინის (დღეს "მატენადარანის") ხელნაწერებს შორის აღმოაჩინა სომხური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელშიც ბერძნულ, ლათინურ, ქართულ, სირიულ, კოპტურ და არაბულ ანბანებთან ერთად მოცემული იყო ალბანურიც (ტაბ. 1). ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში აღმოჩენის თარიღიც კი ზუსტად დაფიქსირდა - 1937 წლის 28 სექტემბერი. ეს თარიღი მიჩნეულია "კავკასიის ალბანური ფილოლოგიისა და კავკასიის ალბანური ენათმეცნიერების დაბადების დღედ" (გ.კლიმოვი). გამოჩენილმა სომეხმა მეცნიერმა ჰრ.აჭარიანმა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის "მოამბეში" ასეთი სიტყვებიც კი დაბეჭდა: "დაუვიწყარი დიდებისა და პატივის ღირსი გახდა ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი აბულაძე, რომელმაც 1937 წლის სექტემბრის 28-ს ეჩმიაძინის ხელნაწერებს შორის ალბანური ანბანი აღმოაჩინაო". იმავე ჰრ.აჭარიანმა თვითონ აღმოჩენის შემდგომი მდგომარეობა შეადარა ხანგრძლივად სიბნელეში მყოფი ადამიანის უეცრად სინათლეზე გამოსვლას. tab.1b

ილ.აბულაძეს ახლადაღმოჩენილი ანბანი არ გამოუკვლევია. მან მხოლოდ მისი აღმოჩენის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა და შესასწავლად ა. შანიძეს გადასცა. ა. შანიძის გამოკვლევის მთავარი პათოსი იყო იმის დამტკიცება, რომ ანბანი ნამდვილად ალბანურია, ძირითადად იგი სწორი უნდა იყოს, ხოლო მასში მოცემულ ბგერათსისტემას ლეზგიურ ენათა ჯგუფის წარმომადგენლის უდიური ენის ბგერათსისტემა უნდა შეესაბამებოდეს. შეიძლება ითქვას, რომ მთელმა შემდგომი ხანის კვლევა-ძიებამ, მიუხედავად ცალკეული ეჭვებისა, ეს სამი დებულება სრულიად ვერ შეარყია.


ალბანური ანბანის აღმოჩენა თითქოს სიგნალი გახდა მომდევნო მოვლენებისათვის. ამის შემდეგ აღმოჩნდა კიდევ ერთი ხელნაწერი (კალიფორნიაში) ალბანური ანბანით, მაგრამ ისიც ილ.აბულაძის მიერ აღმოჩენილი XV ს-ის ხელნაწერის ასლი გამოდგა (XVI ს-ისა). ხელნაწერებში მოცემული ანბანის ლინგვისტურ შესწავლაში სულ მალე ჩაერთვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერები.


tab.2

ალბანოლოგიის განვითარებას ახალი იმპულსი მისცა 1948-1952 წლებში აზერბაიჯანისა და დაღესტნის ტერიტორიაზე რამდენიმე ლაპიდარული წარწერისა და გრაფიტის აღმოჩენამ, რომელთა ერთობლიობასაც დღეს პირობითად ალბანურ წარწერათა კორპუსს უწოდებენ. ესენია: მინგეჩაურში აღმოჩენილი ჯვრის პოსტამენტის წარწერა; გრაფიტები ორ შანდალზე და გრაფიტები კრამიტებზე. (ტაბ. 2-4) შემორჩენილია, აგრეთვე, დერბენდის კედლიდან XIX ს-ის ბოლოს გადმოხატული პატარა წარწერა. არსებობს ზეპირი ცნობა, რომ ალბანეთის ძველი დედაქალაქიდან - კაბალადან - 1906 წელს გატანილია ექვსსტრიქონიანი ალბანური წარწერა, მაგრამ ამ წარწერის მიგნება ან თვითონ ცნობის სისწორის შემოწმება დღეს შეუძლებელია. საერთო რაოდენობა დასახელებულ წარწერებში გამოყენებული გრაფემებისა არის დაახლოებით 200-მდე და თარიღდება არქეოლოგების მიერ VI-IX სს-ით (ასახელებენ VI-VIII სს-საც). დაღესტანში აღმოჩენილ სტელას ალბანური ანბანით სპეციალისტები სამართლიანად ეჭვით უყურებენ, ვინაიდან იგი აბსოლუტურად ზუსტი კოპიოა სომხურ ხელნაწერებში მოცემული ანბანისა.

tab.3

არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაბადა ილუზია იმისა, რომ ალბანური ტექსტები ადვილად გაიშიფრებოდა, ვინაიდან ცნობილი იყო ენა, რომლის საფუძველზეც ძიება უნდა წარმართულიყო და ცნობილი იყო ანბანი, რომელსაც მიწერილი ჰქონდა თავისი მნიშვნელობები. წარწერების გაშიფრვაში ჩაერთო მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სპეციალისტი. სამწუხაროდ, დღეს უკვე უმრავლესობისათვის ცხადია, რომ მიუხედავად მცირე წარმატებებისა, ალბანურ წარწერათა გაშიფრვის ცდები არსებითად ჩიხში მოექცა. არცერთმა მომდევნო სპეციალისტმა თავისი წინაპრის კონკრეტული შედეგები არ გაიზიარა და ყველამ ყველაფერი თავიდან დაიწყო.

tab.4

რა იყო ჩიხის მიზეზები?


ალბანური ანბანი სომხურ ხელნაწერებში


1956 წელს ამერიკელი არმენოლოგმა ა.ქურდიანმა გამოაქვეყნა ცნობა მის მიერ 1953 წელს შეძენილი ხელნაწერის შესახებ, რომელშიც მოცემულია ალბანური ანბანი. ეს არის 1580 წელს ბრდაძორში გადაწერილი და 1621 წელს მინიატურებით შემკობილი ხელნაწერი. მართალია, ქურდიანის ხელნაწერი განსხვავებებს იძლევა "მატენადარანის" ხელნაწერთან, მაგრამ სპეციალისტებისათვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ იგი დამოუკიდებელ წყაროს არ წარმოადგენს და მომდინარეობს XV ს-ის სომხური ხელნაწერიდან. განსხვავებები კი (როგორც გრაფიკაში, ისე გრაფემათა სახელდებაში) მხოლოდ გადამწერის შეცდომების ნაყოფია. როგორც ა.შანიძე აღნიშნავდა, ქურდიანის ხელნაწერის აღმოჩენა მაინც მნიშვნელოვანი ფაქტია მეცნიერებისათვის. იგი ადასტურებს ანბანთა მრავალგზისი გადაწერის ფაქტს და იმასაც უჩვენებს, თუ როგორ სცილდებოდა სავარაუდო დედანს, ყოველი ასეთი გადაწერის შემდეგ, ალბანური ანბანის მოხაზულობა.


ამრიგად, ალბანური ანბანის შესახებ მსჯელობისას ამოსავალია მაინც "მატენადარანის" N7117 ხელნაწერი და სპეციალისტები ასეც იქცევიან. ეს ხელნაწერი დეტალურად არის აღწერილი ა.შანიძისა და ი.აბულაძის მიერ. მისი მინაწერები საკმაოდ ზუსტად ათარიღებენ ხელნაწერს და უჩვენებენ მის ისტორიას. N7117-ის დედანი ჩამოტანილია სომხეთში ყირიმიდან (თეოდოსიიდან) ვინმე განდეგილი ბერის კირაკოსის მიერ მეწოფის მონასტერში. მონასტრის წინამძღვარს, ისტორიკოსებისათვის კარგად ცნობილ თომა მეწოფელს, მისთვის რედაქცია გაუკეთებია და გადაუცია გადასაწერად თავისი მოწაფისათვის, თომა არჭეშელისათვის. ანდერძ-მინაწერს თარიღი არა აქვს, რაც საკმაოდ უჩვეულოა სომხური მოსახსენებლებისთვის, მაგრამ თომას მეწოფის მონასტრის წინამძღვრობის წლები კარგად არის ცნობილი, ამიტომ ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელნაწერი გადაწერილია 1411-1446 წლებში. როდესაც ა.შანიძე აღნიშნულ ხელნაწერს სწავლობდა, მისთვის მთავარი ამოცანა იყო, დაესაბუთებინა, რომ ანბანი ნამდვილად ალბანურია და ეს არც ისე იოლი საქმე იყო. სკეპტიკოსები მაშინაც საკმაოდ იყვნენ და შემდეგაც. მაგალითად ლ.მელიქსეთ-ბეგს ბოლომდე არა სჯეროდა, რომ ანბანი ნამდვილია და იგი ალბანურია. მას წარწერათა კორპუსის აღმოჩენის შემდეგაც კი არ შეუცვლია თავისი აზრი და შეუძლებლად მიაჩნდა მაშინდელი გრაფიკული და ფონოლოგიური აზროვნებისათვის 52 -გრაფემიანი ანბანის შექმნა.


სომხურ ხელნაწერში ალბანური ანბანი გადაწერილია რამდენჯერმე (სულ მცირე ორჯერ) ისეთი გადამწერების მიერ, რომელთაც არ იციან ის დამწერლობა, რომელსაც იწერენ; ზოგჯერ დაშვებულია შეცდომები მოხაზულობებში, ალბანური გრაფემები მიმსგავსებულია გადამწერისთვის ცნობილი სომხური გრაფემებისათვის. ამიტომ არის ანბანისა და წარწერათა კორპუსის გრაფემების იდენტიფიკაცია გაძნელებული და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც (ტაბ. 4); ანბანში გრაფემათა ფონემური მნიშვნელობა ზოგჯერ შეცდომით აქვს გადამწერს გადმოღებული (ანალოგიური შეცდომები აქვს დაშვებული ქართულისა და ბერძნულის მიმართაც, რომელთა გაკონტროლება ადვილად შეგვიძლია); ალბანური ანბანის ფონემური მნიშვნელობა ხელნაწერში გადმოცემულია სომხური ფონეტიკის საფუძველზე, რაც, ცხადია, დიდ დაცილებას იძლევა, ვინაიდან სომხურის 36 გრაფემას (ფონემას) არ შეუძლია გადმოსცეს ალბანურის 52 გრაფემა (ფონემა); ალბანურ წარწერათა კორპუსის უმეტესი ნაწილი გრაფიტებია, რომლებშიც ასოთა მოხაზულობა დიდად არის დამოკიდებული მასალასა, ავტორის მწიგნობრულ მომზადებასა და მის ინდივიდუალურ ხელზე; წარწერათა კორპუსში ალბანური ანბანის სავარაუდო 52 გრაფემიდან სულ დადასტურებულია 32 გრაფემა; არა გვაქვს საკმარისად დიდი მოცულობის გაბმული ტექსტი, რომელიც მოგვცემდა სხვადასხვა მონაცემებით კომბინირების საშუალებას; არ შეგვიძლია ვიყოთ სრულიად დარწმუნებული, რომ ალბანური წარწერები უდიური ენის საშუალებით უნდა გაიშიფროს, ვინაიდან წყაროებში ლაპარაკია არა უდიური ენის, არამედ გარგარულის შესახებ; არავითარი ეჭვი არ არის, რომ თვითონ უდიური ენაც, რომელსაც დღეს სულ რამდენიმე ათასი კაცი ფლობს, ალბათ ძალიან არის დაშორებული ძველ ალბანურს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განსხვავება უდიური ენის კვლევისას და ტექსტების ჩაწერისას სხვადასხვა ავტორის მიერ მისი ფონოლოგიური სისტემის შეფასებაში. რიგი ბგერა ზოგი სპეციალისტისათვის არ არის ფონემური ღირებულების მქონე და, შესაძლოა, არიან სხვა ფონემათა კომბინატორული ან ფაკულტატური ვარიანტები. ამასთანავე, ცხადია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ფონემათა გამოყოფისას ალბანური ანბანის შემოქმედი და როგორ დაემთხვევა მისი პრინციპები თანამედროვე ლინგვისტთა მიდგომას. ყველა ეს სიძნელე ცხადი გახდა ალბანური წარწერების გაშიფრვის უნაყოფო ცდების პროცესში.


პირველი, ვინც ალბანურ წარწერათა კორპუსის აღმოჩენის შემდეგ დააფიქსირა, რომ ხელნაწერში შემონახული ანბანი ვერ ითამაშებდა გასაღების როლს, ხოლო წარწერათა კორპუსი დამოუკიდებლად საკმარისი არ იყო მათ გასაშიფრად, იყო კვლავ ა.შანიძე. დამახასიათებელია, რომ ამის შემდეგ მას წარწერათა გაშიფრვის ცდაც აღარა ჰქონია, რადგან, უეჭველია, ასეთი ცდები უკვე უნაყოფოდ მიაჩნდა. მისი ძალიან ზუსტი შეფასებით, ეს იგივე იქნებოდა, რომ ამავე ხელნაწერის ქართული ანბანით გვეცადა ბოლნისის სიონის წარწერის წაკითხვა, სხვა ცოდნა ქართული დამწერლობის შესახებ რომ არა გვქონოდა. სწორი იყო გ.კლიმოვი, როდესაც წერდა: "Таким образом, тайна агванского письма остается в значительной степени неразгаданной. Дальнейший прогресс в его дешифровке прежде всего будет зависеть от прироста нового материала".


მე მაინც მინდა რამდენიმე წინასწარული შენიშვნა გავაკეთო სომხურ ხელნაწერში მოცემული ალბანური ანბანის შესახებ, თუმცა ვრცელი საუბარი მის შესახებ უნდა მომავლისათვის გადავდოთ, როდესაც ხელთ გვექნება სინური ტექსტი მთლიანად გადაწერილი და მის საფუძველზე ყველა გრაფემა დაზუსტებული.


არავის დღემდე არ მიუქცევია ყურადღება, რომ სომხურ ხელნაწერში ალბანური ანბანის მნიშვნელობებს ბევრ შემთხვევაში დასმული აქვთ მახვილის ნიშნები. ეს ნიშნები ჩვეულებრივ გვაქვს ხმოვნების თავზე, მაგრამ ორ შემთხვევაში დასმულია თანხმოვნების, კერძოდ "რ"-ს(ღ) და "ჳ"-(ჭ)-ს თავზეც, თუმცა აშკარაა, რომ ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს მექანიკურ შეცდომასთან. მახვილიანებია: ჭა, ჟა, ირბ, შა, ხტნ, კარ, ლიტ, მაკ, კარრ, ჯა, ჯაჲნ, წად, ქიდ.


რას უნდა აღნიშნავდეს ეს მახვილები?


თუ სადმე სამართალია, ასეთი მახვილები უნდა ყოფილიყო ბერძნულ ანბანში, მაგრამ იქ არცერთი შემთხვევა არა გვაქვს მახვილის ხმარებისა, სამაგიეროდ გვხვდება კოპტურსა (11 შემთხვევა) და ქართულში (2 შემთხვევა). ქართულ ანბანში ასეთი სურათია: მახვილი დასმულია "ნ"-არისა და "რ"-აეს თავზე. "რ"-აეს ახსნა როგორღაც კიდევ შეიძლებოდა, ვინაიდან სომხურს აქვს ორი "რ" - ე.წ. "ფაფუკი" და "კოშტი". იმ განსხვავებას, რომელიც ნამდვილად არის ქართულსა და სომხურ ანბანებს შორის, სახელმძღვანელოს ავტორი ვერ ხედავს. ასეთად მას უნდა მიეჩნია "ყ", მაგრამ იგი მისთვის არის "ღ" ("ღან") და არა "ყ". სამაგიეროდ "ღ" არის "ხ" ("ხა"). რომ არ იყოს მახვილის ნიშანი დასმული "ნ-არის" თავზეც, მე შემოგთავაზებდით ასეთ ჰიპოტეზას: სახელმძღვანელოს ავტორი სპეციალურ (დიაკრიტიკულ) ნიშნებს სვამს იმ ფონემათა თავზე, რომლებიც განსხვავებულად მიაჩნია სომხურსა და ქართულში. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, მე მაინც მინდა ასეთივე სამუშაო ჰიპოტეზა შემოგთავაზოთ ალბანური ანბანის მიმართაც. სომხურ სახელმძღვანელოში გადაწერათა პროცესში იმდენი შეცდომაა დაშვებული, რომ შეცდომები შეიძლებაგვქონდეს გადამწერისათვის ამ გაუგებარი ნიშნების დასმის შემთხვევაშიც. რათა სრული წარმოდგენა გქონდეთ საკითხზე, მინდა აქვე გაცნობოთ, რომ მახვილები დასმულია ყველაენოვან ტექსტში (ლოცვებში), რომლებიც დართული აქვს ანბანებს საილუსტრაციოდ, მაგრამ ამ შემთხვებში უკვე ნამდვილად საქმე გვაქვს უმეტესად სწორად დასმულ მახვილებთან. ესენია სომხური ასოებით ჩაწერილი ლოცვების ნიმუშები ბერძნულ, ქართულ, სირიულ, სპარსულ, არაბულ, ქურთულ, და თურქულ ენებზე. აქვე საინტერესოა აღინიშნოს, რომ ტექსტები ჩაწერილი უნდა იყოს მაშინ, როდესაც ალბანური ენა და მწერლობა პრაქტიკულად აღარ არსებობდა და აღარავინ იყო ისეთი, ვინც შემდგენლებს ლოცვებს ჩააწერინებდა ალბანურ ენაზე თუნდაც სომხური ასოებით, მაგალითად, "სამწმიდა გალობას" ან "დიდებას მამისა და ძის მიმართ". ჰრ. აჭარიანის მტკიცებით, ეს ასოები ფორმით IX-XI სს-ს უნდა მიეკუთვნონ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ "სამწმიდა გალობა" ქართულ ენაზე ჩაწერილია მონოფიზიტური რედაქციით, მაგრამ არა მწიგნობრული წყაროდან, არამედ ვიღაცის მიერ ზეპირად ნათქვამი: "წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძრიელო, წმინდაო უკდაო, რომ ჯუარს ეცი ჩუენთინ, შეგუიწღალე ჩუჱნ". არც სომხურ ასოთა ფორმა, არც მოტანილი ციტატა მე პირადად არ მაძლევს უფლებას გავიზიარო ჰრ. აჭარიანის მიერ ლოცვათათვის ასეთი ადრინდელი თარიღის განსაზღვრა (თუმცა სხვა ადგილზე იგი მხოლოდ XI ს-საც ასახელებს). მე ვფიქრობ, საკუთრივ ანბანების დედნის დათარიღება ა.შანიძის მიერ დაახლოებით X ს-ით გასაზიარებელი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს ლოცვების თარიღს.


ზუსტად ამ 60 წლის წინ ა. შანიძე წერდა (ცოტა მოგვიანებით იგივე იმედი გამოთქვა გ.დიუმეზილმაც): "იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სპეციალური ძიებისა და არქეოლოგიური გათხრების საშუალებით აზერბაიჯანში (უპირველეს ყოვლისა ბარდავის მიმდგომ კუთხეებში) აღმოჩნდება წარწერების სახით ალბანური ტექსტები, რომელთა წასაკითხავად გასაღები ნაპოვნია. ამას გარდა არ არის გამორიცხული ისიც, რომ ოდესმე, სადმე, რომელსამე ბიბლიოთეკაში პალიმფსესტებს შორის აღმოჩნდეს ხელნაწერთა ფრაგმენტები ალბანურ ენაზე". ამ სიტყვების დაწერიდან ზუსტად 10 წლის თავზე გამართლდა პირველი იმედი, ხოლო მისი დაწერიდან 60 წლისთავზე - მეორე.



სინური პალიმფსესტები


რა პერსპექტივებს შლის ჩვენს წინაშე ახლად აღმოჩენილი ალბანური ტექსტები და რა შეიძლება ითქვას ამ აღმოჩენის საფუძველზე უკვე დღეს, როდესაც ტექსტი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გადაწერილი და, რა თქმა უნდა, გაშიფრული.


1. აღარ შეიძლება იყოს არავითარი ეჭვი, რომ ალბანური დამწერლობა არსებობდა და იგი ჩანასახშივე არ მომკვდარა. ალბანურ ენაზე და დამწერლობით არსებობდა საკმაოდ განვითარებული მწერლობა.


2. აღმოჩენილი ტექსტი (შესაძლოა ტექსტები) ფორმალური თვალსაზრისით შესრულებულია ისეთსავე მაღალ დონეზე, როგორც მისი მსგავსი ტექსტები სომხურ და ქართულ ენებზე. იგი ნაწერია ლამაზი ასომთავრულით, გაბედული და გაწაფული ხელით, ორ სვეტად, შემკულია საზედაო ასოებით (ტაბ.5), აქვს განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები (ტაბ. 6). აშიებზე მცირე ზომის ასოებით მიწერილი აქვს განმარტებები თუ მუხლებზე მითითებები. სათაურები გამოყოფილია უფრო დიდი ზომის ასოებით, ვიდრე თვითონ ტექსტის შრიფტი. ყველა ჩამოთვლილი ნიშნის მიხედვით ალბანური მწერლობა არაფრით არ ჩამორჩებოდა იმავე ხანის სომხურსა და ქართულ მწერლობას.


3. ალბანური ტექსტი უნდა იყოს საეკლესიო მწერლობის ძეგლი. ტიპოლოგიურად იგი არ განსხვავდება ასეთივე ხასიათის ქართული და სომხური მწერლობის ძეგლებისაგან. პალიფსესტის საერთო ჰაბიტუსი ძალიან წააგავს VI-VII სს-ით დათარიღებულ ქართულ-ებრაულ პალიმფსესტს (ტაბ. 7), რომელიც ოქსფორდში, ბოდლეს ბიბლიოთეკაში ინახება. წყაროების მიხედვით, ალბანელებს თარგმნილი ჰქონიათ "წინასწარმეტყველთა წიგნები", "სამოციქულო" და "სახარება". ჩემი აზრით, სანამ ტექსტი ჯერ სრულად გადმოწერილი და გაშიფრული არ არის დასახელებულთაგან შეიძლება უპირატესობა "სამოციქულოს" მიენიჭოს. მაგრამ ტექსტზე მუშაობისას მე ვხედავ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს საისტორიო თხზულებაც. ასეთ შესაძლებლობას ტოვებს თვითონ ტექსტიც და ტოვებს ისტორიული რეალიები.


4. არ შეიძლება ითქვას, რომ პალიმფსესტებს შორის არ ეძებდნენ ალბანურ ტექსტებს, მაგრამ შეცდომა ის იყო, რომ მათ ეძებდნენ პირველ რიგში სომხურ ხელნაწერებს შორის. ამას წერდა კიდეც ა.შანიძე: "Встретить такие отрывки скорее всего можно в армянских рукописях. В этом направлении я работал в 1924 году в Ечмиадзине, но безрезультатно". საქმე ის არის, კავკასიის ქრისტიანული ეკლესიების ისტორიის შესწავლის იმ ეტაპზე სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი. ჩვენს მეცნიერებაში გაბატონებული იყო შეხედულება, რომ VII ს-ის დამდეგამდე ქართული, სომხური და ალბანური ეკლესიების მრწამსი მონოფიზიტური იყო და მხოლოდ საეკლესიო განხეთქილების შემდეგ გადავიდა ქართული (მცირე ხნით ალბანურიც) დიოფიზიტურ, ქალკედონიტურ მრწამსზე.


დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქართული და ალბანური ეკლესიები VI ს-ის დასაწყისიდან ჯერ იდგნენ ე.წ. ზენონის (ბიზანტიის კეისარი 474-475, 476-491 წწ-ში) "ჰენოტიკონის" (482 წ) პოზიციაზე, რომლის მიზანიც იყო მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგება, ხოლო VI ს-ის ორმოცდაათიან წლებში გაემიჯნენ სპარსეთის იმპერიის ცდას, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე შეეკრათ ერთიანი მონოფიზიტური ბანაკი მართლმადიდებლური ბიზანტიის წინააღმდეგ. მაგრამ ეს წინააღმდეგობა ჯერ კიდევ ფრთხილი და ზომიერი ხასიათისა იყო. VII ს-ის დამდეგს რელიგიური კონფლიქტი კავკასიაში კვლავ გამწვავდა, რომელიც დიდი საეკლესიო განხეთქილებით დამთავრდა. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ქართლი და ალბანეთი თავიანთი მართლმადიდებლური მრწამსითა და პრობიზანტიური ორიენტაციით, ხოლო მეორე მხარეს სომხეთი მონოფიზიტური მრწამსითა და ირანის მხარდაჭერით. VII ს. და VIII ს-ის დასაწყისი კავკასიაში რთული კოლიზიების ეპოქაა. აღმოსავლეთის ფრონტზე გამარჯვებული ბიზანტია კვლავ მონოფიზიტთა შემორიგებას ცდილობს ახალ, მონოთელიტურ პლატფორმაზე. ეს ახალი მრწამსი სცნობს ქალკედონის კრებას და გულისხმობს მაცხოვარში ორ ბუნებასა და ერთ ნებას. ამიერკავკასიაში კვლავ ერთიანი ბანაკი იქმნება, მაგრამ მხოლოდ ერთი საუკუნით. VIII ს-ის 20-იან წლებში სომხური ეკლესია გმობს თავისი იძულებითი კომპრომისის ხანას და კვლავ შეურიგებელ მონოფიზიტობას უბრუნდება. არაბთა ხელშეწყობით ალბანური ეკლესიაც მონოფიზიტურ მრწამსზე გადადის. ალბანეთის ტრაგედია ის იყო, რომ მან ვერ იპოვა სხვა, ქართველთაგან და სომეხთაგან განსხვავებული, მრწამსი თავის იდეოლოგიურ პლატფორმად, რაც მას არსებობის ფასად დაუჯდა. კავკასიაში დაირღვა ბუნებრივად ჩამოყალიბებული პოლიტიკური წონასწორობა, პოლიტიკურ ძალთა ბალანსი და ეს მთელ ამიერკავკასიას სულ მალე მეტისმეტად ძვირად დაუჯდა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შექმნილი ვაკუუმი ქრისტიანულმა სამყარომ ვეღარასოდეს ვეღარ შეავსო, ხოლო ახლებური წონასწორობის დამყარებას ამის შემდეგ დიდი დრო დასჭირდა.


ალბანური ქრისტიანული მწერლობის განვითარების ხანაა V-VIII სს. კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ, VI-VII სს. როგორც მოგახსენეთ, ამ პერიოდის მანძილზე იგი დამოუკიდებელია და დგას ჯერ ზენონის "ჰენოტიკონის" დიოფიზიტებისა და მონოფიზიტების შემარიგებლურ პოზიციაზე, ხოლო შემდეგ ქალკედონურზე და ქართულ ეკლესიასთან ერთად უპირისპირდება სომხურს. ეს არის მისი თავისუფალი განვითარების ერთადერთი პერიოდი. ამის შემდეგ (VIII ს-ის 20-იანი წლებიდან) იგი სომხური მონოფიზიტური ეკლესიის უძლიერესი გავლენის ქვეშ ხვდება. წყაროების ცნობებით, სომხური ეკლესია წვავს მათ დიოფიზიტურად მიჩნეულ ლიტერატურას, მონოფიზიტური ალბანეთი გადადის სომხურ ენას და დამწერლობაზე და ასე იკარგება. ამიტომ მეტი შანსი მისი ფრაგმენტების რაიმენაირად გადარჩენისა არის დიოფიზიტური სამყარო და, კერძოდ, საქართველო. როგორც დავინახეთ, ასეც მოხდა. ქართულ მწიგნობრულ სამყაროში ალბანური


ტექსტის, თუ ტექსტების, აღმოჩენა თავის მხრივ ამართლებს კავკასიაში VI-VIII სს-ში რელიგიური სიტუაციის იმ სურათს, რომელიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და ზემოთ ძალზე სქემატურად იყო წარმოდგენილი.


საიდან გაჩნდა სინას მთაზე პალიმფსესტი ალბანური ტექსტით? ხომ ცხადია, რომ X ს-მდე ხელნაწერი ხელუხლებელი იყო და ინახავდნენ. როგორც ჩანს, მთელი ამ ხნის განმავლობში ჯერ კიდევ იცოდნენ რა იყო იგი და ვიღაცას იგი ჯერ კიდევ სჭირდებოდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ხელნაწერი ხელმეორედ იქნა გამოყენებული სწორედ სინას მთაზე ან სადმე იქვე პალესტინაში. ხელნაწერების ხელმეორედ გამოყენება, ახალი ხელნაწერების შეკერვა ძველი ხელნაწერების ჩამონაჭერი ნაკუწებისაგან დამახასიათებელია სწორედ X ს-ის სინასთვის, რომელიც პერგამენტის დიდ გასაჭირს განიცდიდა. ეს დადასტურებულია სინას მთის კოლექციებში პალიმფსესტთა დიდი რაოდენობითა და ანდერძ-მინაწერებში პირდაპირი მითითებებით პერგამენტის უქონლობაზე.


ალბანური ეკლესია თავის განმანათლებლად თვლიდა ერთერთ ქრისტეს 50 მოციქულთაგანს, იერუსალიმიდან ჩამოსულ ელიშას, ხელდასხმულს მაცხოვრის ძმის იაკობის მიერ. ამიტომ იყო, რომ ალბანური ეკლესიისათვის განსაკუთრებული მიზიდულობა ჰქონდა წმიდა მიწას და აქ მათი პილიგრიმობა ყველა საბაბით ხდებოდა. მოსე კალანკატუელს (დასხურანელს) დეტალურად აქვს ჩამოთვლილი იერუსალიმში ალბანური ეკლესია-მონასტრები მათი სახელწოდებისა და მდებარეობის ზუსტი მითითებებით. ამასთანავე იგი დაწვრილებით აღნუსხავს X ს-ისათვის რომელ ეკლესიაში შერჩა ალბანელი მღვდელი, რომელში წირავს ქრისტიანი არაბი და რომლებია საერთოდ არაბების ხელში, იმაზე მითითების გარეშე ქრისტიანები არიან, თუ არა ეს არაბები. ავტორი იერუსალიმის სომხურ და ალბანურ მონასტერთა საერთო რიცხვსაც კი ასახელებს და ეს რიცხვი ფრიად შთამბეჭდავია, რამდენადაც არ უნდა გაზვიადებულად მივიჩნიოთ იგი - ასზე მეტი. ცხადია, მოსე კალანკატუელს (X ს-ისათვის, ალბათ, მოსე დასხურანელს) მხედველობაში აქვს მონოფიზიტური ალბანური მონასტრები, მაგრამ VI-VII სს-ში ხომ ისინი ქალკედონურები იქნებოდნენ.


როგორც დავინახეთ, სინას მთაზე ალბანური ხელნაწერის მოხვედრის ორი გზაა:


1). ხელნაწერი საქართველოში მოხვდა ალბანეთის ეკლესიის მონოფიზიტობაზე გადასვლის შემდეგ ქალკედონიტი ალბანელისგან (შესაძლოა მის მფლობელთან ერთად). დროთა განმავლობაში მას მკითხველი დაეკარგა. X ს-ში ხელნაწერი გადაფხიკეს, ახალი ტექსტი დაწერეს და შესწირეს სინას მთას (ასეთი შესაძლებლობის ალბათობა დაბალია).


2). პალესტინის ქალკედონურ ალბანურ წრეში შექმნილი ტექსტი, ალბანური ეკლესიის მონოფიზიტურ მრწამსზე გადასვლის შემდეგ, მოხვდება პალესტინისავე ქართულ მონასტერში იერუსალიმში ან საბაწმიდაზე და აქედან გადადის სინას მთაზე. ქართველი (შესაძლოა გაქართველებული ალბანელისთვისაც კი, რომელმაც ხელნაწერი როგორც რელიკვია ჩაიტანა სინას მთაზე) მკითხველისათვის გაუგებარია ალბანური ტექსტი და პერგამენტის საჭიროება აიძულებს მას გადარეცხოს იგი და ახლიდან დაწეროს ქართული ტექსტი. სხვათაშორის, კავკასიის გარეთ ალბანური ტექსტის აღმოჩენის შესაძლებლობა ივარაუდა გ.კლიმოვმა. 1984 წელს ნორჩი ფილოლოგებისთვის გამოქვეყნებულ ენციკლოპედიაში იგი წერდა: "Новых находок можно ожидать не только на Кавказе, но и в исторических центрах зарубежного Востока".


5. ჩვენამდე მოაღწია ორმა პალიმფსესტმა ალბანური ტექსტით, რომელთა გადარჩენილი ფურცლების რაოდენობა 170-მდეა 12 ფრაგმენტით. ამათგან ქვედა ტექსტი ბევრ ფურცელზე ისეა გადარეცხილი, რომ სრულიად აღარ იკითხება. ახლა ჯერ კიდევ ძნელია თქმა, სპეციალური აპარატურის გამოყენება რამდენი გვერდის ამოკითხვის საშუალებას მოგვცემს, მაგრამ მე მგონია მათი საერთო რაოდენობა 100 გვერდზე ნაკლები არ იქნება. საბედნიეროდ, არის გვერდები, რომელთა ამოკითხვა ახლავე არ არის ძალიან ძნელი. ამრიგად ჩვენს ხელთაა გაბმული ტექსტი, რომელიც დიდ შესაძლებლობებს იძლევა მისი გაშიფრვისა, მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელს აღმოჩენილი ანბანი გასაღების ფუნქციას ყოველთვის ვერ ასრულებს.


დღეისათვის ჩემს ხელთაა ორივე ხელნაწერის მთლიანი მიკროფილმი, 10-მდე გვერდის მოცულობით ალბანური ტექსტის გადმონახატი და ულტრაიისფერი სხივებით გადაღებული სამი კადრი (გადაშლილი წიგნის ორ-ორი გვერდი თითო ხელნაწერიდან). ამ მასალის საფუძველზე შედგენილია ალბანური დამწერლობის ანბანი; ამოწერილია ყველა დაქარაგმებული სიტყვა (ტაბ. 8), რა თქმა უნდა, იმ მოცულობის ტექსტიდან, რაც გადმოხატული მაქვს. ზოგადად ჩვენ ვიცით, რა სიტყვები და საკუთარი სახელები ქარაგმდებოდა ძველ ტექსტებში, რაც ძალიან ზრდის შესაძლებლობას მათი ამოკითხვისა, გრაფემათა ფონეტიკური მნიშვნელობის დადგენისა, სახელთა ბრუნვის ნიშნების გამოყოფისა და ა.შ. ტექსტში ხშირად მეორდება სიტყვები და საკმაოდ დიდი მოცულობის ფრაზებიც კი, რაც საშუალებას იძლევა გაბმულად ნაწერი ტექსტის დაშლისა. უდიური ენის მონაცემთა გამოყენებით ამოკითხულია და დადგენილია მნიშვნელობა რამდენიმე სიტყვის (მათ შორის დაქარაგმებულისაც), გამოყოფილია პირის ნაცვალსახელები, ზმნის მასდარული დაბოლოებები და ა.შ. (ტაბ.9).


სანამ ალბანური ტექსტი მთლიანად არ არის გადმოწერილი, მისი მიხედვით ალბანური ანბანის გრაფემათა რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა ძნელია. არის ალბათობა პალიმფსესტის ქვედა ტექსტის ამოკითხვაში შეცდომის დაშვებისა (გადარეცხვისას რომელიმე გრაფემას შეიძლება მოცილებული ჰქონდეს განმასხვავებელი დეტალი, ან ეს დეტალი დაფარული იყოს ზედა ტექსტით და არ იკითხებოდეს), ცალკეული გრაფემის აღრევისა რაიმე ტექნიკურ ნიშანთან, ერთი და იმავე გრაფემის განსხვავებულად დაწერის შემთხვევაში მათი სხვადასხვა გრაფემად მიჩნევისა და ა.შ. რა თქმა უნდა, ალბანური ტექსტის გრაფემათა საერთო რიცხვი, წინასწარი ანგარიშითაც, კი ახლოს არის ილ.აბულაძის მიერ აღმოჩენილი ანბანის გრაფემათა რაოდენობასთან. ჯერჯერობით მხოლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს რიცხვი შეიძლება 50-სა და 56-ს შორის მოთავსდეს. არ არის გამორიცხული, რომ გამართლდეს ა. აბრამიანის ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხელნაწერებში დაცულ ანბანს აკლია ორი გრაფემა და მათი საერთო რიცხვი უნდა იყოს 54.


საკვირველია, მაგრამ ალბანური წარწერების გაშიფრვისას არცერთ მკვლევარს, გ.კლიმოვის გარდა, არ დაუსვამს კითხვა, თუ რა მიმართულებით იწერებოდა ალბანური ტექსტები: მარცხნიდან მარჯვნივ, თუ მარჯვნიდან მარცხნივ. შესაძლოა, ამის მიზეზი იყო ალბანური ანბანის გრაფიკული მსგავსება ქართულთან და სომხურთან. ალბათ ქვეცნობიერად ამაზე ფიქრისაგან მათ ათავისუფლებდა სომხური წყაროების ცნობები სომხური, ქართული და ალბანური ანბანების მაშტოცის მიერ შექმნის შესახებ, მიუხედავად იმისა, იზიარებდნენ თუ არა ისინი ამ ტრადიციას და ა.შ. მართლაც, დიდია ალბათობა იმისა, რომ ალბანური დამწერლობა ქართულისა და სომხური მსგავსად ორიენტირებული ყოფილიყო მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ამ ალბათობას მაინც სჭირდებოდა დოკუმენტური დადასტურება. გ.კლიმოვმა ამის დასტურად მიიჩნია წარწერათა კორპუსიდან N1 კრამიტის გრაფიტის დასაწყისი გრაფემა ~ძ~, რომელიც ტექსტის დანარჩენ გრაფემებზე ოდნავ უფრო დიდი მოცულობისაა. მაგრამ ეს, როგორც დღეს უკვე ვიცით, სწორი დაკვირვება, მაშინ არ შეიძლებოდა უცილობელი ყოფილიყო, ვინაიდან სხვა არცერთ წარწერასა თუ გრაფიტიში ასეთი რამ არ განმეორდა, რის გამოც ზომებში მცირე განსხვავების კანონზომიერად ჩათვლა გაჭირდებოდა. ამასთანავე, ადრინდელი ხანის ქართული და სომხური გრაფიტები არ გვიჩვენებენ ტრადიციას ტექსტის საზედაო ასოებით დაწყებისა. სინას მთაზე აღმოჩენილმა ტექსტმა კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ ალბანური დამწერლობა ქართულისა და სომხურის მსგავსად ორიენტირებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ. ამას მოწმობს საზედაო ასოები, რომლებიც გვხვდება მხოლოდ ტექსტის მარცხნივ როგორც მისი დასაწყისის მაჩვენებელი; ამას მოწმობს ქარაგმის ნიშნები, რომლებიც მიმართულნი არიან მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ მარცხენა მხარე ოდნავ აწეული აქვთ, ხოლო მარჯვენა ასევე ოდნავ დაწეული; ამას მოწმობს "უ"-ს დაწერილობა, რომელიც წარმოადგენს ლიგატურას და ბერძნულის, ქართულისა და სომხურის მსგავსად შედგება მარცხნიდან მარჯვნივ დალაგებული ორი გრაფემისაგან; მარცხნიდან მარჯვნივ არის დალაგებული ის დაქარაგმებული სიტყვებიც, რომელთა სწორ ამოკითხვაში ეჭვი (მაგალითად ქ~ს=ქრისტოს) არ უნდა იყოს.


გრაფიკული თვალსაზრისით, სინას მთაზე აღმოჩენილი ალბანური ტექსტის ასოთა მოხაზულობა უფრო ახლოს არის წარწერათა კორპუსის გრაფემებთან, ვიდრე სომხური ხელნაწერის ანბანთან (ტაბ. 10) და ეს ბუნებრივიცაა: სომხური ხელნაწერი გვიანია და მისი ალბანური ანბანი სომეხი გადამწერების მიერ ზოგჯერ დამახინჯებულია ან უბრალოდ სომხურთან მიმსგავსებული. სინური ტექსტის გრაფემებს და წარწერათა კორპუსს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც უნდა იყოს კიდეც ლამაზად შესრულებულ ხელნაწერებსა და გრაფიტებს შორის. ტიპოლოგიურად უკვე ა.შანიძემ გაარკვია და შემდეგ ყველა მკვლევარმა გაიზიარა, რომ ალბანური ანბანი უფრო ახლოს არის სომხურთან, ვიდრე ქართულთან. ტიპოლოგიურ სიახლოვეში ისინი გულისხმობდნენ ანბანთა რიგს: "მატენადარანის" ხელნაწერით თუ ვიმსჯელებთ, ბერძნულისგან განსხვავებულ ფონემათა აღმნიშვნელი გრაფემები ალბანურ ანბანში, სომხურის მსგავსად, გაფანტულია სხვადასხვა ადგილზე, ხოლო ქართულში ისინი დაჯგუფებულია და ანბანს ბოლოში ერთვის. მაგრამ ტიპოლოგიური სიახლოვის განმსაზღვრელ საფუძვლად თუ ასოთა მოხაზულობას ავიღებთ, დავინახავთ, რომ სინური ხელნაწერის ალბანური გრაფემები ახლოს არიან როგორც ქართულთან, ისე სომხურთან, თუმცა, სომხურ ხელნაწერში დაცული ანბანისაგან განსხვავებით, სიახლოვის სიხშირე ქართულთან მიმართებაში შესამჩნევად უფრო მეტია. ქართული ანბანის 20 გრაფემა მოხაზულობით თითქმის განსხვავების გარეშე ემთხვევა ალბანურს, ოღონდ, რა თქმა უნდა, განსხვავებულია მათი ფონემური მნიშვნელობები. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ალბანური ანბანის მიმართება ქართულთან და სომხურთან არის 20:13 ქართულის უპირატესობით (ტაბ. 11,12). კიდევ ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს სინური ხელნაწერის გრაფემათა მოხაზულობის შესწავლის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ალბანური ანბანი გაკეთებულია სომხურისა და ქართულის საფუძველზე. ქართულის შემთხვევაში შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ, რომ მოდელად აღებულია მისი ჩვენთვის ცნობილთაგან უძველესი ფორმები, ანუ ისინი, რომელთაც ჩვენ, ჯერ კიდევ ერთგვარი გაუბედავობით, V-VII სს-ებით ვათარიღებთ ხოლმე, თავშეკრული გრაფემები.



სომხური ტექსტები


მაგრამ სინას მთის ამ ორი ხელნაწერის მნიშვნელობა ამ თავისთავადაც უდიდესი ღირებულების აღმოჩენით არა მთავრდება. საინტერესო ის არის, რომ ორივე ხელნაწერის ქვედა ტექსტში იკითხება სომხური ტექსტიც. ასე რომ წმ. ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკის ახალი ქართული კოლექციის Sin 13 და Sin 55 ხელნაწერები ფაქტიურად მთელს უძველეს ქრისტიანულ კავკასიას ფარავენ. სხვა რომ არაფერი აღმოჩენილიყო, მარტო ამ ფატსაც კი ექნებოდა უდიდესი ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა ქრისტიანული კავკასიის ერთიანობის საჩვენებლად.


სომხური ტექსტი N/Sin-55-ში ძირითადად ნაწერია, როგორც ჩანს, ერთ სვეტად, მსხვილი ერკათაგირით, ქართულის გასწვრივ, ჰორიზონტალურად (პირობითად ვუწოდოთ ამ ტექსტს "სომხური 1" იხ. ტაბ. 13). თუმცა მასში შერეულია გვერდები, რომლებზეც სომხური ტექსტი შესრულებულია ბევრად უფრო მცირე და თხელი ხაზებით ნაწერი ერკათაგირით, ერთ სვეტად, მაგრამ ალბანურის მსგავსად ქართულის პერპენდიკულარულად. N/Sin-13-ში კი გვხვდება მხოლოდ ამ მეორე ტიპით ნაწერი ტექსტი (პირობითად ვუწოდოთ მას "სომხური 2 იხ. ტაბ. 14). ჩემი აზრით, ყველაფერი ეს უნდა მიუთითებდეს იმ გარემოებაზე, რომ ქართველი გადამწერი სხვადასხვა სომხურ ხელნაწერს იყენებს ორი ქართული ხელნაწერის შესაქმნელად. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სომხური ტექსტის კვალს შეუიარაღებელი თვალი ორივე ხელნაწერში სულ ოც გვერდზე არჩევს.


"სომხური 1" პალეოგრაფიულად აშკარად ძალიან ძველია. შესაძლოა იგი V-VII სს-ში მოთავსდეს. გრაფემათა ფორმების მიხედვით, სომხური პალეოგრაფიის ჩვენი დღევანდელი ცოდნის საფუძველზე, შედარებით უფრო გვიანი ხანისად უნდა ჩაგვეთვალა"სომხური 2", მაგრამ მისთვისაც ტერმინუს ანტე ქუემ არის IX საუკუნე, ვინაიდან ქართული ტექსტი მასზე დაწერილია უკვე X ს-ის დასაწყისში. გარდა ამისა "სომხურ 2-საც" აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებიც IX ს-ზე უფრო ადრეულ ხანაზე მიუთითებენ. ეს მახასიათებლებია: არა ჩანს ქარაგმის ნიშნები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქარაგმა მაშინ იშვიათად გამოიყენებოდა; არა ჩანს განკვეთილობის ნიშნები; დაწერილია მკაცრად ორ ხაზში და ხაზს ქვემოთ ჩამოდის მხოლოდ Ֆ (ფიურ)-ისა და Ք (ქჱ)-ს ბუნები; არა ჩანს, აგრეთვე, საზედაო ასოები, თუმცა ასეთი რომც ყოფილიყო, შემორჩენილ ადგილებში ისინი მოსალოდნელი არ იყო; გრაფემებს ნაწილობრივ მომრგვალებული, რკალისებრი ფორმები აქვთ და ა.შ.


ალბათ მაშინვე დაიბადება კითხვა, რა მიმართებაში არიან სომხური ტექსტები ალბანურთან? ანუ, გვაქვს ჩვენ ერთმანეზე დაწერილი სამი ტექსტი, თუ სომხური და ალბანური ერთმანეთთან არ არიან კავშირში. გადაჭრით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევი იქნებოდა. საჭიროა მთელი ტექსტის გულდასმით გაჩხრეკა ულტრიისფერი გადაღებითა და კომპიუტერული პროგრამებით. ჯერჯერობით კი მგონია, რომ სომხური და ალბანური სხვადასხვა ხელნაწერებით არიან წარმოდგენილი X ს-ის ქართულ ხელნაწერებში, თუმცა კი ერთი გადაშლილი ფურცელი იძლევა საბაბს ფიქრისათვის, რომ შესაძლოა "სომხური 2 "ალბანურის ქვეშ (ან ზედ?) ყოფილიყო.


ჯერჯერობით, ალბათ, ყველაზე უფრო გაბედული დასკვნა ის იქნებოდა, რომ N/Sin-13-სა და N/Sin-55-ის ქვედა ტექსტები ასე დაგვეთარიღებინა: "სომხური 1" მიგვეჩნია V ს-სა და VI ს-ის შუა ხანებს შორის შექმნილად, დვინის II ადგილობრივ კრებამდე, ქართული, სომხური და ალბანური ეკლესიების უპირობო თანხმობის ეპოქაში, ხოლო "სომხური 2" - VII ს-სა და VIII ს-ის დასაწყისს შორის, კავკასიის ეკლესიების მონოთელიტურ საფუძველზე ერთიანობის ხანაში.



შეჯამება


ბატონებო, ჩვენ ვდგევართ კავკასიოლოგიაში ახალი ეტაპის შექმნის შესაძლებლობის წინაშე. ჩვენს წინაშე ფაქტიურად დაკარგული ქრისტიანული ქვეყანა იხსნება. დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სულ მალე ხელთ გვექნება მსოფლიოს ერთერთი ორიგინალური დამწერლობის ზუსტი ანბანი; ხელთ გვექნება დაკარგული ხალხის დაკარგული ლიტერატურის ძეგლი ან ძეგლები; არა ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამ აღმოჩენას მთის კავკასიურ ენათა შესწავლისათვის და საერთოდ ზოგადი ლინგვისტიკისათვის, ვინაიდან სპეციალისტებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ მთის კავკასიის ენათა ერთერთი წარმომადგენლის სალიტერატურო ენა, ფიქსირებული არა უგვიანეს VIII ს-ისა. ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას უფრო ობიექტურად და მეტი დოკუმენტური საყრდენებით წავიკითხოთ კავკასიის ალბანეთის ისტორიის შესახებ არსებული წყაროები, აღვადგინოთ ალბანი ხალხის ეთნიკური სახე და მისი ისტორია.


და ბოლოს, ფსიქოლოგიურად შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი: როგორც ჩანს, აღმოჩენების ხანა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არა გვაქვს უფლება ვთქვათ: არ არსებობს ე.ი. არც არსებულა.






Further information on the present project:  
 Заза Алексидзе, ОБНАРУЖЕНА ПИСЬМЕННОСТЬ КАВКАЗСКОЙ АЛБАНИИ  
 Zaza Aleksidze, A Breakthrough in the Script of Caucasian Albany  
 Zaza Aleksidze, Preliminary Account on the Deciphering  
 Zaza Aleksidze, First Specimen (2.Cor. 11,25-27) 



 Zurück zur Startseite des Projekts  Back to the project homepage  პროექტის საწყისი გვერდი



Achtung: Dieser Text ist mit Unicode / UTF8 kodiert. Um die in ihm erscheinenden Sonderzeichen auf Bildschirm und Drucker sichtbar zu machen, muß ein Font installiert sein, der Unicode abdeckt wie z.B. der TITUS-Font Titus Cyberbit Unicode. Attention: This text is encoded using Unicode / UTF8. The special characters as contained in it can only be displayed and printed by installing a font that covers Unicode such as the TITUS font Titus Cyberbit Unicode.


Copyright Jost Gippert / Manana Tandashvili Frankfurt 1999-2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder. 31.12.2002