ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართველური ენები

ქართული ენის აჭარული დიალექტი

აჭარული ქართული ენის ერთ-ერთი უძველესი და უაღრესად მნიშვნელოვანი დიალექტია. იგი აჭარის მცხოვრებთა მეტყველებაა. საქართველოს ისტორიული წარსულის ბედუკუღმართობა ნაწილობრივ ამ მხარეშიც აისახა. ძვ. წ. აღ.-ის VIII საუკუნიდან აჭარა ჯერ კოლხეთის ნაწილია, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. დაახლოებით II საუკუნეში, როდესაც იბერიის სამეფო გაფართოვდა და მისი მფლობელობა ჭოროხის აუზზედაც გავრცელდა, აჭარა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოში მოექცა. ჩვ. წ. აღ-ის VIII საუკუნიდან აჭარა ტაო-კლარჯეთის ძლიერი სამთავროს ნაწილია, X-XII საუკუნეებში კი გაერთიანებული საქართველოს ერთ-ერთი საერისთავოთაგანი. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი სამცხე-საათაბაგოს სამთავროში შედის და მესხეთის მთავრები გამგებლობენ, XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან გურიის მთავრის, გურიელის ხელში გადავიდა, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ (1512 წ.) იგი ჭანეთთან ერთად ათაბაგებმა დაიბრუნეს და მესხეთის სამთავროს ნაწილად გამოაცხადეს. XVI საუკუნის ნახევრიდან მოყოლებული სამი საუკუნის მანძილზე აჭარა თურქთა ბატონობის ქვეშაა მოქცეული, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა აჭარელთა ცხოვრებაში: მოისპო სულიერი და მატერიალური კულტურა, მოსახლეობა ძალით გაამაჰმადიანეს, მშობლიური ენა შეიბღალა. ამდენად, აჭარულის თავისებურებანი შეპირობებულია ჯერ კოლხურის, შემდეგ მესხურ-კლარჯული და გურული დიალექტების გარემოცვით, ბოლოს კი თურქულის ძლიერი ზეგავლენით.

გავრცელების არე

აჭარული დიალექტი ძირითადად გავრცელებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე გურიაში, ჩოხატაურის რაიონის ორ სიფელში, სადაც აჭარლები სახლობენ, და აჭარის იმ ნაწილში, რომელიც სამხრეთ საქართველოს სხვა მხარეებთან ერთად ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. აჭარულს ყოფენ ორ კილოკავად: ზემოაჭარულად და ქვემოაჭარულად და მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის, ბათუმისა და ქობულეთის რაიონებს.




წყაროები:

თ. სახოკია, მოგზაურობანი: გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი, თბილისი, 1950.
ჯ. ნოღაიდელი, ეთნოგრაფიული ნარკვევი აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან, ტფილისი, 1935.
ჯ. ნოღაიდელი, აჭარის ხალხური სიტყვიერება, წიგნი I, ბათომი, 1936; წიგნი II, ბათუმი, 1937.
ჯ. ნოღაიდელი, აჭარა დიალექტოლოგიურად, ბათომი, 1936.
ჯ. ნოღაიდელი, აჭარული კილოს თავისებურებანი (გამოკვლევა ტექსტებითურთ), ბათუმი, 1960.
ნ. ნოღაიდელი, აჭარის ზეპირსიტყვიერება, ბათუმი, 1959.
ი. სიხარულიძე, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (აჭარის ასსრ), წიგნი I, ბათუმი, 1958; წიგნი II, ბათუმი, 1959.
მ. ხუბუა, ზემო აჭარის ენობრივი მიმოხილვა, ბათომი, 1932.
ს. მენთეშაშვილი, აჭარის ეთნოგრაფიული მასალები, ენიმკის მოამბე, II, ტფილისი, 1937.
შ. ნიჟარაძე, ზემოაჭარულის თავისებურებანი, გამოკვლევა და ტექსტები ლექსიკონითურთ, ბათუმი, 1957.
შ. ნიჟარაძე, აჭარულის ძირითადი ფონეტიკური თავისებურებანი, რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. III, ბათუმი, 1954.
შ. ნიჟარაძე, მასალები აჭარული დიალექტოლოგიური ლექსიკონისათვის, რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. VII-VIII, ბათუმი, 1959-60.
ქ. ლომთათიძე, დამოკიდებული წინადადების ერთი თავისებურება ზოგ ქართულ დიალექტში, იკე, ტ. I, თბილისი, 1946.
ქ. ლომთათიძე, ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსისა გურულსა და აჭარულში, თსუ შრომები, VI, ტფილისი, 1938.
პ. ჯაჯანიძე, ნაწევარი გურულსა და ქვემოაჭარულში, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, XVIII, ქუთაისი, 1958.
შ. ძიძიგური, ხმოვანთა კომპლექსების ფონეტიკური პროცესები ქართულ დიალექტებში, იკე, ტ. I, თბილისი, 1946.
ბ. ფოჩხუა, თანხმოვანთა პროგრესული ასიმილაცია დასავლურ კილოებში, სტალინის სახ. თსუ შრომები, ტ. X, თბილისი, 1939.

ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.