ARMAZI არმაზი ARMAZI

სინას მთის მონასტერი


ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია ინახება სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის წიგნთსაცავში. ქართველთა ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა სინას მთაზე IX საუკუნიდან იწყება და ზენიტს X საუკუნეში აღწევს.

ქართველებს სინას მთაზე რამდენიმე მონასტერი დაუარსებიათ. აქ უმდიდრესი ბიბილიოთეკები არსებობდა, რომლებიც მრავალ ასეულ წიგნს ითვლიდნენ. ერთ-ერთი ძველი მწიგნობარი, ბასილ მჩხრეკელი სიამაყის გრძნობით აღნიშნავდა: "მონასტერნი სავსენია წიგნითა და არა სადა უწყი ნაკლულევანი". სინას მთაზე ამჟამად 100-ზე მეტი ქართული ხელნაწერი ინახება. მათ შორის ყველაზე ადრინდელია "სინური მრავალთავი" (864 წ.).

სინას მთაზე დაცულია ქართული ენისა და ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლები: ოთხთავის ხელნაწერები ( Sin.-15, Sin-30), ლექციონარი ( Sin.-37), აგიოგრაფიული კრებული ( Sin.-6), ეფრემ ასურის ქადაგებანი ( Sin.-97), საგალობელთა შემცველი ხელნაწერები ( Sin.-1, 14, 17, 18, 20, 26, 34, 40, 41, 49, 59, 64, 65), პარაკლიტონები ( Sin.-3, 13, 17, 21) და სხვ.

აღსანიშნავია, რომ აქ დაცული ხელნაწერების უმეტესი ნაწილი X საუკუნით თარიღდება, რაც თავისთავად მიუთითებს მათ მნიშვნელობაზე. ამჟამად აქ ინახება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, გეთსამანიაში, კაპპათაში, გოლგოთაზე, კალიპოსში, საბაწმიდის ლავრასა და ქართველთა სხვა მწიგნობრულ ცენტრებში თარგმნილი და გადაწერილი თხზულებანი, აგრეთვე ის ხელნაწერები, რომლებიც ქართული კულტურის დიდი მოღვაწის იოანე ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი ან ნარედაქციევი.

სინას მთაზე ქართველ მეცნიერთაგან პირველად იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალ. ცაგარელი, რომელმაც აღწერა 92 ხელნაწერი. 1902 წელს აქ ნაყოფიერად იმუშავეს ნ. მარმა და ივ. ჯავახიშვილმა. 1927 წელს სინური ხელნაწერები შეისწავლა რ. ბლეიკმა. 1950 წელს ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპედიციამ სინას მთისა და იერუსალიმის სიძველეების, მათ შორის ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფილმები გადაიღო. ექსპედიციის წევრმა ჟ. გარითმა 1956 წელს გამოაქვეყნა პატრისიტიკული, აგიოგრაფიული, ბიბლიური და ასკეტური ხელნაწერების (სულ 38 ერთეული) ვრცელი და მაღალმეცნიერული აღწერილობა.

80-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტმა დაიწყო სინას მთის ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერილობის გამოცემა და მოაწყო რამდენიმე ექსპედიცია სინას მთაზე.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.