ARMAZI არმაზი ARMAZI

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი


ქართული მწერლობისა და, საერთოდ, ქართული კულტურის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი იყო ჯვრის მონასტრის დაარსება იერუსალიმში. მის აღმაშენებლად ითვლება XI საუკუნის I ნახევრის მოღვაწე გიორგი-პროხორე შავთელი. მონასტრიის დაარსების ინიციატორები ყოფილან ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელები. დიდი დახმარება აღმოუჩენია აგრეთვე ბაგრატ IV-ს (1027-1072).

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაარსებისთანავე თავი მოიყარა აქ მრავალმა ქართველმა მოწესემ, რომელთაგან ბევრი მწიგნობარი იყო; ზოგიერთი მათგანი ადრე სხვაგან მოღვაწეობდა, შემდგომ კი ჯვრის მონასტერში გადმოვიდა და აქ გააგრძელა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელიც მეტწილად ხელნაწერების გამრავლებასა და კრებულების შედგენაში გამოიხატებოდა. აქ მოღვაწეობდნენ თვით პროხორე (გიორგი-პროხორე შავთელი), იოანე დვალი, მიქაელ დვალი, შავი იოანე და სხვ.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაწერეს პალესტინის მამათა ცხოვრებანი, რომელიც ამჟამად ლონდონშია დაცული ( Add - 11281, XI ს.), ჰიმნოგრაფიული კრებულები, სვინაქსარები, ჟამნი და სხვ. აქ არის დაცული მრავალი თხზულება, რომლებიც თარგმნილია ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების, ეფრემ მცირისა და სხვათა მიერ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის შემორჩენილი "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ერთადერთი ნუსხა.

შუა საუკუნეებში ჯვრის მონასტერი არაერთგზის ააოხრეს. ქართველთა გავლენა თანდათან შესუსტდა და ბოლოს მონასტერი ბერძენთა ხელში გადავიდა. ოდესღაც უდიდესი და უმდიდრესი ბიბლიოთეკის ნაშთიღა ინახება იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში. ამჟამად აქ დაცულია 155 ქართული ხელნაწერი. ისინი სხვადასხვა დროს აღწერეს ნ. ჩუბინაშვილმა, ალ. ცაგარელმა, ნ. მარმა, რ. ბლეიკმა. იერუსალიმური წარმოშობის ზოგი ხელნაწერი ამჟამად ინახება თბილისის, ვენის, ვაშინგტონის, პეტერბურგის სიძველეთსაცავებში, ზოგის ადგილ-სამყოფელი კი უცნობია.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.