ARMAZI არმაზი ARMAZI

ათონის ივერთა მონასტერი


ქართული კულტურის ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ათონის ივერთა მონასტერს. აქ მოღვაწეობდნენ იოანე და ეფთვიმე, გიორგი მთაწმიდლები, გიორგი მცირე და ქართული მწერლობის სხვა უდიდესი მოღვაწენი.

ათონის ივერთა მონასტერი აიგო 980-983 წლებში ძირითადად თორნიკე ერისთავის მიერ საბერძნეთის სამეფო კარისგან მიღებული გასამრჯელოთი. კ. კეკელიძე ასე აფასებდა აქაურ ქართველ მოღვაწეთა სავანეს: "...მუდამ მატარებელი იყო ქართული ეროვნული იდეისა საბერძნეთში და რომელიც გადაიქცა იმ წყაროდ, საიდანაც ჩვენში უხვად მოდიოდა მოწინავე კულტურის ნაკადი. თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა XI-XII საუკუნეებში, ეს ივერიის მონასტრის მეოხებითაც, სადაც თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძეგლები, რომელთაც მიზნად დაისახეს გაეცნოთ თავიანთ თანამემამულეთათვის დასავლეთის ლიტერატურული სიმდიდრე და მემკვიდრეობა. აქ ითარგმნა და გადაიწერა მომეტებული ნაწილი იმ კულტურული განძეულობისა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ძველი მწერლობის ისტორია. აქ, ათონზე, შეიქმნა და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს წარსულში. ერთი სიტყვით, არც ერთ სამონასტრო დაწესებულებას ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია ჩვენი მწერლობისა და კულტურის ისტორიაში, როგორიც ათონის ივერთა მონასტერს, უიმისოდ ჩვენი კულტურის ისტორიას, შეიძლება, სხვა სახე და ხასიათი მიეღო".

ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
Ath.-6 - ოპიზაში გადაწერილი ოთხთავი (913 წ.);
Ath.- - ოშკში თორნიკე ერისთავის დაკვეთით 978 წელს გადაწერილი ბიბლიის ხელნაწერი;
Ath.-17 - მრავალთავი;
Ath.-32 - ეფთვიმეს მიერ თარგმნილი თხზულებათა კრებული.

ზოგიერთი ათონური ხელნაწერი ( A.-110, A.-1103, A.-1104, A.-1105 ) ი. ფანცულაიამ ჩამოიტანა საქართველოში.

ათონის ივერთა მონასტრის სიძველეები აღწერეს ალ. ცაგარელმა და რ. ბლეიკმა. 1952-53 წლებში ამერიკელმა ე. უ. სინდერზმა გადაიღო 4 ძველი ქართული ხელნაწერი (42, 62, 78, 83). უკანასკნელ ხანებამდე ქართველ სპეციალისტებს ხელი მიუწვდებოდათ ათონში დაცულ მხოლოდ 12 ხელნაწერზე. 1981 წელს გ. პატარაიამ და ა. მიქაბერიძემ მოახერხეს ათონის ივერთა მონასტერში დაცული ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფირთა გადაღება.




წყაროები:

ა. შანიძე, ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში, თხზ. II, 1981.

ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, თხზ. II, 1981.

კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.